სტატიები


                                    „მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად...“
მშობლები ბავშვის დაბადებამდე იწყებენ იმაზე ფიქრს, რა დაარქვან შვილს, დიდხანს არჩევენ სახელებს, ყველას უნდა მეფეების, დედოფლების, გმირებისა და საერთოდ ცნობილი ადამიანების სახელს ატარებდეს მისი მემკვიდრე, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, იქნება კი მისი შვილი ამ დიდებული სახელის ტარების ღირსი. დიახ, როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობს, „სახელი ალამაზებს ადამიანს და ადამიანი ალამაზებს სახელს“.
ჩვენც, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის 5 საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები, ვცდილობთ, ვიყოთ ამ სახელის ტარების ღირსი, ეს ხომ ჯილდოსთან ერთად დიდი ტვირთიცაა.
„ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე, რაც შეიძლება ბევრი!“- ვაჟა ფშაველას ამ სიტყვების მნიშვნელობა ძალიან კარგად გვესმის მეხუთესკოლელებს, მაგრამ მარტო სიტყვები როდი კმარა, მთავარი ხომ, როგორც ილია თვლიდა, საქმეა, ამიტომაც ვაქციეთ სიტყვები საქმედ.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლაში 2017–2018 სასწავლო წლის 4/XII–8/XII-ს გაიმართა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო ღონისძიებები. კერძოდ: სასწავლო შემოქმედებითი პროექტი „ილია - საქართველოს თანამდევი უკვდავი სული“ (ავტორები: ნინო კილასონია, ლელა ქვარცხავა), ვიქტორინა - კონკურსი (VIIა კლასი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა ხონელიძე), მინი სპექტაკლი: „მოძღვრისეული სიბრძნე“ - ნაწყვეტი „გლახის ნაამბობიდან“. (Vგ კლასი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო  სალია) პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე კონკურსი. (ესეს წერის, ნორჩ მხატვართა და მხატვრული კითხვის)
ესეს წერის კონკურსი გაიმართა V-VIII და IX–XI კლასების მოსწავლეებს შორის. პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ადგილზევე უნდა დაეწერათ ესეები თემებზე: „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!“ (V-VIII კლასები) და „ილია დღეს“ (IX–XI კლასები).
კვირეულის ერთი დღე დაეთმო ნორჩ მხატვართა კონკურსს. მოსწავლებს ადგილზევე უნდა შეექმნათ კომიქსები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან. კონკურსი შეაფასეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
 „მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ...“ - ასე დავარქვით მხატვრული კითხვის კონკურსს, რომელშიც მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები. ბავშვები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ აქტივობას. ჟიურის გაუჭირდა საუკეთესოთა შერჩევა. თუმცა, კონკურსის წესების თანახმად, მაინც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც ასევე დაჯილდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით.
ნორჩ მსახიობებად მოგვევლინნენ Vგ კლასის მოსწავლეები მათ წარმოადგინეს ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“. მინი სპექტაკლი, რომელიც შინაარსობრივად საინტერესო და დახვეწილი იყო, მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო სალიამ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლეილა ხონელიძემ კვირეულის ფარგლებში VIIა კლასში ჩაატარა ვიქტორინა-კონკურსი. ორ გუნდად გაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ილიას ბიოგრაფიისა და შემოქმედების ცოდნაში. მათ წარმოადგინეს ხელნაწერი გაზეთები და გააკეთეს პრეზენტაცია, ხოლო კლასის ნორჩმა მხატვრებმა კონკურსის მსვლელობისას ადგილზევე შექმნეს ილუსტრაციები ილიას ნაწარმოებების მიხედვით.
კვირეულის დასრულებისთანავე გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ვფიქრობთ, აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენასა და დამოუკიდებელი, შემეცნებითი აზროვნების განვითარებას. რადგან 2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია, ხოლო ჩვენი სკოლა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა, პროექტის თემატიკა ილიას სახელს დავუკავშირეთ. ილიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიება მოსწავლეთათვის სტიმული იყო, რომ მოიძიონ და შეისწავლონ დიდ მოღვაწეთა ცხოვრება და შემოქმედება. ამით მოსწავლეებში გავზარდეთ ინტერესი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ. ისინი არა მხოლოდ გაეცნენ და ჩაუღრმავდნენ, არამედ, ხალისით მოეკიდნენ საგანმანათლებლო, შემოქმედებით და შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც განხორციელდა პროექტის ფარგლებში.

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის
ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები
 ლელა ქვარცხავა და ნინო კილასონია

No comments:

Post a Comment